დავითგარეჯის საქმე

მეუფე იაკობი მელაშვილი-ილიჩოვაზე: გავუფრთხილდეთ, ვაიდა არ აღმოჩნდეს მოღალატე?

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საკვირაო ქადაგებაში დავითგარეჯის საქმეს ეხმაურება. მეუფე იაკობის თქმით, საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ახლა საზოგადოების ერთ მხარეს "ფრთიან ანგელოზად" გამოჰყავს, მეორეს კი მოღალატედ. მეუფე ამბობს, რომ არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვინმეს მოღალატე უწოდო.

"მამა კირიონს არსად არ ალაპარაკებენ, ხელს უშლიან ჟურნალისტები. ამ წინა დღეებში მისცა სრული ინტერვიუ და 2005 წლიდან სულ არის აღწერილი ვის როგორ შეხვდა, ვის რა ეუბნებოდა, თვითონ მელაშვილის საქციელები, როგორია. კაცი ახლა დაჭერილია და ერთ მხარეს გამოჰყავს ფრთიან ანგელოზად, მეორე მხარე ეძახის მოღალატეს. 

არ შეიძლება როცა სასამართლოს არ აქვს მიღებული რაღაც, მოღალატე რთული რაღაცაა. კაცმა გინდ ჩაიდინოს რაღაც, ოჯახი ჰყავს, ნათესავები ჰყავს, გავუფრთხილდეთ, ვაიდა არ აღმოჩნდეს მოღალტე, რას შვები მერე? სიტყვით კლავ ხო კაცს? თუ აღმოჩნდა, რატომ იცავ?" – თქვა მეუფე იაკობმა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

 

კომენტარები