დავითგარეჯის საქმე

ხიდაშელი ღარიბაშვილზე: საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს რუსეთის ინტერესები საქართველოში

ტაბულა

"მგონი, გულწრფელი იყო მაგ ნაწილში, საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს რუსეთის ინტერესები საქართველოში." - ასე აფასებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს დავითგარეჯის საქმეზე.

"ისე მსუბუქად ამბობდა და ისე მარტივად გვიყვებოდა, რომ, აი, წარმოიდგინეთ ახლა, როგორ შეიძლება, რომ რუსეთი დაინტერესებული იყოს ამაში, ეს რუკა საქართველოს ინტერესებს ემსახურებაო. ჩვენ გვაბრალებენ, რომ რუსებმა იმიტომ მოგვცეს, რომ ჩვენს წინააღმდეგ არიანო. ხვდებით, რამხელა მარაზმში ვართ? არალოგიგიკურობაში, გაუგებრობაში მოხვედრილი. გაგება ელემენტარული, უმარტივესი ამბის, რომ სწორედ იმიტომ შემოაგდო დღეს რუსეთმა ეს საკითხი, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობები გაგვიფუჭდეს და სტრატეგიულ პარტნიორობას ჩრდილი მიადგეს." - ამბობს თინა ხიდაშელი ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში.  

გუშინ, 15 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ოპოზიციის ნარატივია, "თითქოს ეს არის რუსული დაკვეთა" და, მისივე სიტყვებით, დავითგარეჯის საქმე არის "პატრიოტული, ეროვნული საქმე, რომელიც ბატონი ბიძინას ჩართულობით, მისი უშუალო დავალებით, ხელმძღვანელობით განხორციელდა." ამ საქმისთვის ღარიბაშვილმა მადლობა "რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს" გადაუხადა.

თავდაცვის მინისტრმა რუკებზეც ილაპარაკა და  თქვა, რომ რუსეთში "სპეცოპერაცია ჩაატარეს" და ეს, მისივე შეფასებით, გმირობის ტოლფასია. მინისტრმა "კოლექტიური სააკაშვილები" უწოდა ყველას, ვინც "ეს ღალატი ჩაიდინა."

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატი კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები