კალაძე: ავტობუსი არ დაიძვრება, თუ მგზავრებს არ ექნებათ პირბადე

თბილისის მერის თქმით, კონდუქტორების მეშვეობით, ავტობუსებში კონტროლდება პირბადეების ტარება. კახა კალაძის ცნობით, ავტობუსი არ დაიძვრება, თუ მგზავრებს პირბადეები არ ექნებათ.

"შეიძლება რაღაც დისკომფორტს წარმოადგენდეს, მაგრამ მთავარია ადამიანების ჯანმრთელობა". – ამბობს კალაძე.

ასევე, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მეტროს სადგურებთან პატრულ-ინსპექტორები პირბადეების გაკეთებასა და COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ.

დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდება.

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, დღეს, 15 ოქტომბერს, 5 პაციენტი გარდაიცვალა, 208 კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსი სულ 14 440 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ასევე, აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი [აღდგება 19 ოქტომბერს].

კომენტარები