კორონავირუსი საქართველოში

ახვლედიანი: საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან 140-მდე ინფიცირებულია გადმოყვანილი

შეგირებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის თქმით, საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი დაახლოებით 140 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ილაპარაკა. 

ახვლედიანის თქმით, ასევე მოქმედებს ჯანდაცვის რეფერალური მომსახურების სისტემაც და იქ გაცილებით მეტი ადამიანი გადის მკურნალობას. 

"საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილია დაახლოებით, 140-ზე მეტი კოვიდინფიცირებული. ერთეული შემთხვევებია ცხინვალის რეგიონიდან, დანარჩენ პაციენტებს ვიღებთ ოკუპირებული აფხაზეთიდან. ასევე, მოქმედებს ჯანდაცვის რეფერალური მომსახურების სისტემა, რომელიც არ შეწყვეტილა ამ პერიოდის განმავლობაში და იქ გაცილებით მეტი, რამდენიმე ასეული ადამიანია, ვისაც ვუმკურნალეთ და სჭირდებოდათ დახმარება მძიმე დაავადებების გამო". –თქვა ახვლედიანმა. 

საქართველოში COVID-19-ის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები