სტივ უანდერი

"თითქოს ისევ 40 წლის ვარ" - სტივ უანდერმა ორი ახალი სიმღერა გამოუშვა

Getty Images

ლეგენდარულმა მომღერალმა, სტივ უანდერმა, ორი ახალი სიმღერა Where Is Our Love Song და Can't Put It In The Hands Of Fate გამოუშვა.

70 წლის სტივ უანდერმა ვირტუალური პრესკონფერენცია 13 ოქტომბერს გამართა და თქვა, რომ გასულ დეკემბერს გადანერგილი თირკმლის გამო თავს შესანიშნავად გრძნობს.

"მას შემდეგ, რაც საავადმყოფო დავტოვე, ექიმები სულ მამოწმებენ ვიღებ თუ არა დანიშნულ მედიკამენატებს და ამის გაკეთებას ვაპირებ იქამდე, სადამდეც დამჭირდება, შესაძლოა, მთელი ცხოვრება. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემი ხმა ძალიან კარგია. მგონია, რომ 40 წლის ვარ და ყველა კეთილის მსურველის მადლობელი ვარ". – თქვა მან.

მომღერალი ლაპარაკისას იმ ჭორებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სტივ უანდერი გასული წლიდან მოყოლებული შეუძლოდ არის.

"მივმართავ ყველა ადამიანს, ვინც ამ ჭორებს უსმენს - თუ თავს კარგად ვერ ვიგრძნობ, შეგატყობინებთ. არ არის საჭირო არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ცოცხალი ვარ და კარგად ვარ". – თქვა მან.

სტივ უანდერმა ახლად გამოშვებულ სიმღერებზეც ისაუბრა. მისი თქმით, Where Is Our Love Song-ის წერა 18 წლის ასაკში დაიწყო და აპირებს, რომ ამ სიმღერიდან შესული თანხები საქველმოქმედო ორგანიზაცია Feeding America-ს გადაურიცხოს.

რაც შეეხება Can't Put It In The Hands Of Fate-ს, მომღერლის თქმით, ის მის ერთ-ერთ ურთიერთობას შეეხება.

"მინდა ყველანი კარგად იყოთ. არ მაინტერესებს რა ფერის კანი გაქვთ, იმიტომ რომ ამას ვერც ვხედავ. თქვენ ხედავთ ფერებს, ისე ნუ იქცევით, თითქოს ვერ ხედავდეთ, თქვენ ხედავთ. მე ვერ ვხედავ ფერს, მაგრამ ვგრძნობ თქვენ პიროვნებასა და სულს. ვხედავ მათ ფერებს და ასევე ვხედავ, რომ ამ პიროვნებებისა და სულების უმეტესობა არ არიან სავსე საკმარისი სიყვარულით". – თქვა მან.

კომენტარები