დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანენ

თეონა თურმანიძე

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანენ. ამის შესახებ, მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ ტელეკომპანია მთავართან ინტერვიუში თქვა. 

მისი ინფორმაციით, დეკანოზს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ხუთშაბათს გამოიყვანენ და კვლევებს კლინიკაში ჩაუტარებენ. მამალაძის თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, დეკანოზმა ნიუ-ჰოსპიტალის კლინიკაში გააგრძელოს მკურნალობა. 

"სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ყოფნა ფიზიკურად ვეღარ ხერხდება და ამას ადასტურებს ციხის ადმინისტრაციის ექიმებიც, რომ ვერ ახერხებენ ჩემი ძმის მკურნალობას. 

გადაადგილებაზე საუბარი ზედმეტია, ამ დროის მანძილზე ჯდომაც კი არ შეუძლია. ის წოლით რეჟიმში განაგრძობს ამ უკანონო პატიმრობის მოხდას. ახლა მივაღწიეთ იმას, რომ ხუთშაბათს გამოიყვანენ და ჩაუტარებენ კვლევას ავერსის კლინიკაში, მაგრამ ოჯახის მოთხოვნაა ხუთშაბათს ნიუ ჰოსპიტალის კლინიკაში მოხდეს ჩემი ძმის კვლევების ჩატარება, ამის შემდეგ ნიუ ჰოსპიტალში მოხდეს მისი დატოვება და მკურნალობის გაგრძელება". – ამბობს თორნიკე მამალაძე. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

2019 წლის ნოემბერში დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით წმიდა სინოდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი არ შეიწყალა.

კომენტარები