კორონავირუსი საქართველოში

ჟვანია: თუ ამომრჩეველს პირბადე დაავიწყდა, ჩვენ მივცემთ, გვექნება ინდივიდუალური კალმები

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო უბანზე პირბადის ტარება ყველასთვის სავალდებულო მოთხოვნა იქნება. ამის შესახებ ჟვანიამ მთავარი არხის ეთერში ილაპარაკა და აღნიშნა, რომ "ყველაზე მთავარი არის პირბადის ზუსტად მოხმარება. მხოლოდ ნიკაპზე ან პირის არეში არა". მან აღნიშნა, რომ პირბადე უნდა ეკეთოთ როგორც ამომრჩევლებს, ისე კომისიის წევრებს, მედიის წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს.

"პირბადის გარეშე არავინ დაიშვება უბანზე. თუ ამომრჩეველს დაავიწყდა პირბადე, შეიძლება, არ ჰქონდეს, ჩვენ გვექნება და შევთავაზებთ, მათ საარჩევნო ადმინისტრაცია მოემსახურება". – ამბობს ჟვანია გადაცემაში შენი დილა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ცნობით, საარჩევნო უბანზე შესვლამდე და გამოსვლისას ყველამ უნდა დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით. 

"გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩევლებს კომისიის მხრიდან ჰქონდეთ განცდა, რომ ვინც ემსახურება, ისინი უსაფრთხოების ზომას იცავენ. ამიტომ კომისიის წევრები აღჭურვილები იქნებიან სახის ფარებით და ხელთათმანებით, ასევე გვეყოლება სპეციალური ადამიანები, ვინც დეზინფექციას გაუწევენ საარჩევნო უბანს.

კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ექნება ინდივიდუალური კალამი, მას არ ექნება განცდა, რომ მოიხმარს ვინმეს მოხმარებულ კალამს. აიღებს თავისთვის ერთ კალამს და ის იქნება მისი, რაც რისკის შემცირებისთვის არის. ეს არ არის მარტივი ლოგისტიკა. ადრე თუ 24 საათი გვჭირდებოდა არჩევნებზე, წელს 48 საათი გვჭირდება დღე-ღამეში". – თქვა ჟვანიამ.

რაც შეეხება თერმოსკრინინგს, ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, სიცხეს მხოლოდ იმ ადამიანებს გაუზომავენ, ვისაც საარჩევნო უბანზე დიდ ხანს ყოფნა უწევთ. ეს არ შეეხება ამომრჩეველს.

"კომისიის წევრები, მედია, პარტიის წარმომადგენლები, დამკვირვებლები - მათ უწევთ დიდი ხნით ყოფნა, ამიტომ შესვლისას შეამოწმებენ. ასევე, თუ სიმპტომები გაჩნდა, თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ და თუ დაფიქსირდა ტემპერატურა, დადგენილი წესით ყველა იქნება ვალდებული, რომ უბანი დატოვოს.

ამომრჩეველს უწევს 5-10 წუთით ხმის მიცემისას კონტაქტი და 15 წუთამდე კონტაქტი არ ითვლება საფრთხის შემცველად. ამომრჩეველს რომ სიცხე გავუზომოთ, ეს გამოიწვევს პროცესის გაწელვას და რიგებს. შეიძლება დაფიქსირდეს არაზუსტი მონაცემი და ხუთწუთიანი გადამოწმების ვალდებულება იქმნება. თან, ვერაფრით წავართმევდით ამომრჩეველს კონსტიტუციურ უფლებას, იმიტომ, რომ არ გვეცოდინებოდა იმ წუთს, რა იყო სიცხის მიზეზი - ბევრი რამე შეიძლება იყოს.  ამიტომ ამ ერთიანი სისტემური ანალიზის შედეგად, რომ 15 წუთამდე კონტაქტი არ არის სარისკო, ჩვენ მივიღეთ პარტიებთან და არასამთავრობოებთან ერთად ეს გადაწყვეტილება, რომ ამომრჩეველს არ სჭირდება თერმოსკრინინგი". – ამბობს თამარ ჟვანია.

13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 6867 გამოჯანმრთელდა და 102 - გარდაიცვალა. ამ დროისთვის, 5 590 ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება, 836 - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო 1393 - Covid-სასტუმროში. გარდა ამისა, ათასზე მეტი მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტი ბინაზე მეთვალყურეობის სერვისით სარგებლობს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები