ევროპული საქართველო 2020

უგულავა ხოშტარიაზე: ის არის უკანასკნელი მოჰიკანი, განსაკუთრებული პოზიციონირება აქვს

ტაბულა

პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა ვაკის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა. ხოშტარია ამბობს, რომ არ იზიარებს პარტიის იმ წინასაარჩევნო ხაზს, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნეგატიურადაა წარმოჩენილი, რაშიც მათ შორის, მოიაზრებს საარჩევნო რგოლებს. 

"ჩვენი პარტია, განსხვავებით, იგივე, ნაციონალური მოძრაობისგან, თავისუფალი ადამიანებისგან შედგება და ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, ეს აზრი კი არ იმალება, არამედ საჯაროდ ითქმება. ამას მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. ელენეს განსაკუთრებული პოზიციონირება აქვს. ის მოგეხსენებათ არის უკანასკნელი მოჰიკანი. ის, ნიკა მელია, შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი და ლევან ხაბეიშვილი. მე, ამ შემთხვევაში, გადავწყვიტე ვიყო ჩვენს ამომრჩეველთან გულწრფელი, გადავწყვიტე ვთქვა სიმართლე, იმიტომ, რომ დღეს სიმართლე ქიმიოთერაპიულ ხასიათს ატარებს. ეს არის ძალიან მძიმე სიმართლე და მათ შორის ელენემაც ძალიან კარგად იცის, ისევე, როგორც ძალიან კარგად იცის ნაციონალური მოძრაობის ლიდერების 90%-მა, რომ აბსოლუტური სიმართლეა ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩაშალა ეს [შეთანხმება] და ჩვენ ახლა გვიწევს ახალი მოდელის შეთავაზება და ახალი მოდელი არის ეს". – თქვა გიგი უგულავამ.

დღეს, 12 ოქტომბერს გიგი უგულავამ Facebook-ზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც შემდეგ განცხადებას აკეთებს:

"ღიად და ცხადად ვთქვათ, სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილს პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილიც შემოქმედია, ურჩხულთან ბრძოლაში ის, სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა [...] ამ ორმა ადამიანმა ქვეყანაზე მაღლა დააყენა თავი. ხალხს აბუჩად იგდებენ, რის გამოც ხალხისგან მიიღებენ პასუხს. ჩაფლავებული ოცნებები და განიავებული იდეალები, მათი ადგილი მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების მარადიულ დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან".

ევროპულმა საქართველომ წინასაარჩევნოდ რამდენიმე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთსაა შედარებული და ნეგატიურად არიან წარმოდგენილები. პარალელურად, პარტიამ ხელი მოაწერა ვალდებულებას ამომრჩეველთან, რომლის მიხედვითაც, ევროპული საქართველო, არც ქართულ ოცნებას შეუკრავს კოალიციას და არც მიხეილ სააკაშვილს დაუჭერს მხარს პრემიერმინისტრის პოსტზე.

კომენტარები