დავითგარეჯის საქმე

"ოცნებამ წინასაარჩევნოდ ხმებისთვის სპექტაკლი დადგა" – რას ყვება ივერი მელაშვილის ცოლი

მედიაცენტრი მთავარი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საბჭოს უფროსის, დაპატიმრებული ივერი მელაშვილის ცოლი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ ხმების მოსაპოვებლად სპექტაკლი დადგა. 

თქვა ამის შესახებ თამარ სულაძემ მედიაცენტრ მთავარში პრესკონფერენციის დროს. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ დადგა სპექტაკლი, რათა ეჩვენებინათ, რომ თითქოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს რაღაც მიწების გადაცემა მოხდა აზერბაიჯანისთვის, ხოლო თავად "ფრთიანი ანგელოზები არიან" და საქართველო გადაარჩინეს. 

"ცდილობდნენ, ამით მოეპოვებინათ ხმები. ამის გამო დადგეს ეს სპექტაკლი, რომელზე მუშაობაც უკვე წელიწად-ნახევარია გრძელდება. როდესაც კომისიის წევრები ღალატში დაადანაშაულეს, ჩემმა მეუღლემ ეს ვერ მოითმინა, იმიტომ, რომ უაღრესად კეთილი, პატრიოტი და წესიერი ადამიანია. მართალია, ის პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ ფაქტობრივად ასე გამოვიდა, რომ ხელი შეუშალა ამ სპექტაკლის განხორციელებაში, როდესაც თქვა, რომ არაფერი მომხდარა საქართველოს მიწების აზერბაიჯანისთვის გადაცემის სასარგებლოდ. ამის გამო დააკავეს და ბრალი წაუყენეს ამ ორ ადამიანს". – ამბობს თამარ სულაძე. 

კითხვაზე, სთხოვდნენ, თუ არა მის ქმარს, რომ ჩვენება მიეცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, თამარ სულაძე პასუხობს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, რადგან მისმა ქმარმა თავიდანვე პროტესტი გამოხატა. თამარ სულაძე ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივერი მელაშვილი გაჩუმდებოდა, შესაძლოა, მისთვის ჩვენების მიცემა შეეთავაზებინათ.

"მანდამდე არ მისულა საქმე. შეიძლება, რომ გაჩერებულიყო და ხმა არ ამოეღო, მერე შეეთავაზებინათ, მაგრამ, როგორც კი დაიწყო საუბარი მოღალატეობრივ საქმიანობაზე და სასულიერო პირების მხრიდანაც იყო ასეთი ბრალდება, ეს მისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ჩვენ არ გვაქვს ფული და არც მისწრაფება გვქონია ამისკენ, ჩვენი სიმდიდრე არის ჩვენი პატიოსნება და ჩვენი ქვეყნის სამსახური". – თქვა თამარ სულაძემ. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას საქალაქო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

კომენტარები