სამხრეთ კორეის დეპუტატი: დაკარგული ჩრდილოეთ კორეის ელჩი სამხრეთ კორეაში ცხოვრობს

Nikkei

ჩრდილოეთ კორეელი დიპლომატი, იტალიაში ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ელჩი, ჯო სონგ-გილი, რომელიც იტალიაში 2018 წელს გაუჩინარდა, რეალურად, გაიქცა და 2019 წლის ივლისიდან სამხრეთ კორეაში ცხოვრობს თავის ცოლთან ერთად. განაცხადა ამის შესახებ სამხრეთ კორეის საპარლამენტო სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯონ ჰე-ჩეონმა

ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებს ამის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. 

როგორც BBC წერს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, 1997 წლის შემდეგ ის ყველაზე მაღალი რანგის პირი იქნება, ვინც ჩრდილოეთ კორეიდან გაიქცა. 

2018 წლის ნოემბერში ჯო სონგ-გილი თავის ცოლთან ერთად გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მათ საელჩო დატოვეს. იმ პერიოდში, ის ჩრდილოეთ კორეის მოქმედი ელჩი იყო იტალიაში და მალე მისი ვადა დასასრულს უახლოვდებოდა. 

მაშინ გავრცელდა ცნობები, რომ მან დასავლეთის მთავრობებს თავშესაფარი სთხოვა. 

ამჟამად შიშობენ მისი თინეიჯერი ქალიშვილის გამო, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნდა. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ჩრდილოეთ კორეაში 2019 წლის თებერვლიდან დაბრუნდა თავისი მოთხოვნით მას შემდეგ, რაც მისი მშობლები დაიკარგნენ. 

ჯონის განცხადებით, ჯოს სურდა, რომ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულიყო ჩრდილოეთ კორეაში მისი ოჯახის წევრების გამო. 

ბრიტანეთში ფხენიანის ყოფილი ელჩის, რომელიც სამხრეთ კორეაში 2016 წელს გაიქცა და ახლა დეპუტატია, თე იონგ-ჰოს თქმით, გაქცეულის ახლობლები ჩრდილოეთ კორეაში შესაძლოა დასაჯონ. 

ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა და მოქმედმა დეპუტატმა, ჩო თე-იონგმა, მთავრობა დაადანაშაულა ჯოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო და თქვა, რომ მისი ქალიშვილის მდგომარეობის გამო, ეს არაჰუმანური ქმედებაა. 

ჩვეულებრივ, ჩრდილოეთ კორეის დიპლომატებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ფხენიანში დატოვებული ჰყავთ ოჯახის რამდენიმე წევრი, რათა მათ გაქცევა არ იფიქრონ. 

კომენტარები