დავითგარეჯის საქმე

მელაშვილის ცოლი: ოცნებას ნაციონალების დისკრედიტაცია სურს, ამისთვის პატიოსან ხალხს იყენებს

TVFormula

„პატიოსან ადამიანს ასე რომ ექცევიან, არ ვიცი როგორ უნდა ირწმუნო იმ უწყების, იმ მთავრობის, ვინც ასე აკეთებს იმისთვის, რომ ხმები მოიპოვოს“. – ივერი მელაშვილის ცოლი თამარ სულაძე TV ფორმულას ეთერში თავისი ქმრის დაკავებაზე საუბრობს. 

დღეს, 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.

მელაშვილის ცოლის შეფასებით, ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური მოტივი დგას. მისი თქმით, ქართული ოცნების მიზანი ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციაა, ამისთვის კი "კეთილსინდისიერ ხალხს იყენებენ". 

"ამას, რა თქმა უნდა, აქვს პოლიტიკური მიზეზი. მართალია, არც მე და არც ჩემი მეუღლე არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვართ, მაგრამ არჩევნების წინ, სურდათ პიარის აგორება, როგორც ყოველი არჩევნების წინ დგამენ ხოლმე რაღაც სპექტაკლს.

ბევრ ადამიანზე უნდოდათ ზემოქმედება, რაიმე ძლიერი უნდა მოეფიქრებინათ და მოიფიქრეს, რომ ვითომ, ნაციონალების დროს იყო რაღაც მცდელობა ტერიტორიების გადაცემის. ამით ნაციონალების დისკრედიტაცია უნდოდათ და ეს უნდოდა ქართული ოცნების ჯგუფს, რა თქმა უნდა. 

პირდაპირ ხომ ვერ მიადგებოდნენ ზემოთ რომ არიან იმ ხალხს და მოუწიათ ამ კეთილსინდისიერ ადამიანებზე გადავლა, რომლებიც მთელი თავიანთი სიცოცხლე ქვეყანას ემსახურებოდნენ". – ამბობს ივერი მელაშვილის ცოლი თამარ სულაძე. 

დღეს, 7 ოქტომბერს, პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.

ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართეს. ოპოზიცია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას წინასაარჩევნოდ მოგონილ აბსურდულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლებაა. 

კომენტარები