ალიევი: ჩვენი გმირული არმიის წარმატებული ოპერაცია გრძელდება

ილჰამ ალიევი
trend.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღში, სომხეთთან მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას მერვე დღეს გამოეხმაურა. 

"აზერბაიჯანის არმიამ დღეს გაათავისუფლა სოფლები: შიხალი, აღალი, სარიჯალი, ჯებრაილის რაიონის მაზრა და რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე, სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი გმირული არმიის წარმატებული ოპერაცია გრძელდება. ყარაბაღი აზერბაიჯანია!" – წელს ალიევი Twitter-ზე. 

მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირება უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სომხეთში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 19 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამხედრო ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე არაფერს ამბობენ, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ მოკლულია 130 აზერბაიჯანელი სამხედრო.

4 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სოფლის აღების შესახებ განაცხადა.

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის, ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ვაგრამ პოღოსიანმა კი განაცხადა, რომ გაანადგურეს აზერბაიჯანში მდებარე განჯის აეროპორტი.

კომენტარები