კორონავირუსი საქართველოში

NCDC: საქართველოში ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი 30-59 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მაქსიმალური ასაკი 95 წელი, ხოლო მინიმალური - 1 თვეა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშში წერია, რომელიც 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტის თანახმად, ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ნაწილი (51.5%) 30-59 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია, 0-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი 13.4%-ს შეადგენდა, ინფიცირებულთა 18.5% კი - 60 წელს გადაცილებულია.

"PCR ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს ინფიცირებულთა 36.2% იყო ასიმპტომური, თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, შესაძლოა მოგვიანებით გამოვლენილიყო გარკვეული სიმპტომები“. – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, PCR ტესტირებით დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევათა შორის 51% კაცი, ხოლო 49% - ქალი იყო.

ამასთან, ანგარიშში სიმპტომებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ყველაზე ხშირად ვლინდება ცხელება, ზოგადი სისუსტე, ხველა, ყელის სიმშრალე/ტკივილი და თავის ტკივილი.

კომენტარები