აშშ

კალიფორნიაში ტყის ხანძრების შედეგად 1.6 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია დაიწვა

AP

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრების შედეგად 1.6 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია დაიწვა. შტატისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია. კალიფორნიის მეტყევეობისა და სახანძრო დეპარტამენტის ვარაუდით, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. 2020 წლის დასაწყისიდან კალიფორნიის შტატში 8 200 ხანძარი გაჩნდა. ხანძრების შედეგად დაიღუპა 31 ადამიანი და განადგურდა 8 400-ზე მეტი ნაგებობა.

ამჟამად, შტატის მასშტაბით, ოცზე მეტი ტყის ხანძრის ჩაქრობაში დაახლოებით 17 000 მეხანძრეა ჩართული. ყველაზე დიდ სირთულეს ნაპას ოლქში გაჩენილი ხანძარი წარმოადგენს. ძლიერი ხანძარი გასულ კვირას სამი ხანძრის გაერთიანების შედეგად წარმოიშვა და მთების მასივებსა და ვენახებში გავრცელდა. საჭირო გახდა 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

გასულ თვეში ხანძრების სწრაფ გავრცელებას ხელი გვალვამ შეუწყო. თუმცა, ამინდის პროგნოზი დამაიმედებლად გამოიყურება. უახლოეს მომავალში აღარ არის მოსალოდნელი მშრალი და ძლიერი ქარები, რომლებიც ხანძრების გავრცელებას უწყობდა ხელს და უახლოეს ორ კვირაში მეტეოროლოგები წვიმის მოსვლასაც ვარაუდობენ.

კომენტარები