აზერბაიჯანის მთავრობის მტკიცებით, სომხეთმა მინგეჩაურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

Twitter

4 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მისი თქმით, გაისროლეს TOCHKA-ს ტიპის 4 მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელთაგან ერთი მინგეჩაურის ენერგობლოკის მახლობლად ჩამოვარდა, თუმცა არ აფეთქებულა. ის ავრცელებს ამის ამსახველ ფოტოებსაც.

აზერბაიჯანული მხარის თქმით, ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

სომხეთი მინგეჩაურზე თავდასხმის თაობაზე აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციას უარყოფს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრძელდება თავდასხმა მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტზე (ხანქენდი).

მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირება უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სომხეთში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 19 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამხედრო ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე არაფერს ამბობენ, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ მოკლულია 130 აზერბაიჯანელი სამხედრო.

4 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სოფლის აღების შესახებ განაცხადა.

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის, ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ვაგრამ პოღოსიანმა კი განაცხადა, რომ გაანადგურეს აზერბაიჯანში მდებარე განჯის აეროპორტი.

კომენტარები