მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესპიკერი: განჯის აეროპორტი განადგურებულია

აზერბაიჯანში მდებარე განჯის აეროპორტი განადგურებულია - ინფორმაციას ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის, ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერი, ვაგრამ პოღოსიანი ფეისბუკზე ავრცელებს.

თავის მხრივ, განჯაზე განხორციელებული შეტევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც. განჯა აზერბაიჯანის მეორე უდიდესი ქალაქია. 

გუშინ, 3 ოქტომბერს ყარაბაღის რაიონში მდებარე რამდენიმე სოფლის დაკავების შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს უკანასკნელი ინფორმაციით, სომხური მხარე ქალაქ ტერტერსა და გორადიზზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებს.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირება უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სომხეთში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 19 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამხედრო ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე არაფერს ამბობენ, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ მოკლულია 130 აზერბაიჯანელი სამხედრო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა და მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების შესაჩერებლად მოლაპარაკებების გამართვა მოსკოვში შესთავაზა.

კომენტარები