ენმ-ძალა ერთობაშია

TI: ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან 16 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული

TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობისა და პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

TI-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ ენმ-ძალა ერთობაშიას მიერ წარდგენილი 25 მაჟორიტარი დეპუტატობის განდიდატიდან 16 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული - 13 თავად, ხოლო 3-ის მხოლოდ ოჯახის წევრი. მათივე ცნობით, ეს 16 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 113 კომპანიასთან. თუმცა, ამ კომპანიების ნახევარი (56) დაკავშირებულია მხოლოდ 2 მაჟორიტარ კანდიდატთან: კახაბერ ოქრიაშვილთან და ცეზარ ჩოჩელთან. 

მათივე ინფორმაციით, 17 კანდიდატს, მათ ოჯახის წევრებსა და ბიზნესპარტნიორებს 2012-2020 წლებში ნაციონალური მოძრაობისთვის 621 987 ლარი აქვთ შეწირული, საიდანაც 285 302 ლარი 12 კანდიდატის პირადი შემოწირულობაა.

ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით, პარტიის 5 ყველაზე მსხვილი შემომწირველია: 

  • ცეზარ ჩოჩელი – 134,000 ლარი 
  • კახაბერ ოქრიაშვილი – 90,000 ლარი 
  • დავით კირკიტაძე – 77,000 ლარი  
  • ნანუკა ჟორჟოლიანი – 62,500 ლარი
  • ხატია დეკანოიძე - 52,000 ლარი 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, პირადად 8 კანდიდატი ან მათი გარემოცვა სხვა პარტიის შემომწირველიცაა. 

ქართულ ოცნებას კახა ოქრიაშვილმა 388 000 ლარი შესწირა, როლანდ ფიფიამ - 175 000, ცეზარ ჩოჩელმა - 69 780, დილარ ხაბულიანმა - 65 000, მანუჩარ კვირკველიამ კი 60 000. კანდიდატებმა ჯამში "ოცნებას" 757 780 ლარი შესწირეს.

ცეზარ ჩოჩელს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს კახაბერ ოქრიაშვილმა 85 000 ლარი შესწირა, ცეზარ ჩოჩელმა კი 60 000 ლარი.  

პატრიოტთა ალიანსს ნატო ჩხეიძემ 113 500 ლარი შესწირა. ლევან ხაბეიშვილმა პარტიას სახელმწიფო ხალხისთვის 1 898 ლარი შესწირა, ნატო ჩხეიძემ კი 500. ასევე, TI-ს ინფორმაციით, ევროპულ საქართველოს ვაჟა ჩიტაიშვილმა 2 000 ლარი შესწირა.  

"მაჟორიტარობის 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. აქედან 2 კანდიდატთან (კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი) დაკავშირებულმა კომპანიებმა 2011-2020 წლებში ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით 95.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. დანარჩენ 5 კანდიდატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი – 186 711 ₾. ეს კანდიდატები არიან: გრიგოლ ვაშაძე, კახა გეწაძე, გიორგი კაპანაძე, ნატო ჩხეიძე და დილარ ხაბულიანი.

კახაბერ ოქრიაშვილსა და ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებული კომპანიები ასევე არიან სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ბენეფიციარები. კანდიდატებთან დაკავშირებულ 3 კომპანიას სახელმწიფო პროგრამიდან გარკვეული თანადაფინანსება აქვს მიღებული 30 306,480 ლარის ღირებულების საერთო ინვესტიციაზე.

მხოლოდ ერთი კანდიდატი, ბონდო თევდორაძე არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა." - აცხადებს TI. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან 6 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირია - ბადრი ბასიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, ნატო ჩხეიძე, აზერ სულეიმანოვი, ნიკანორ მელია და მიშა ბოლქვაძე. მათგან ნატო ჩხეიძის მიერ შევსებულ დეკლარაციაში დარღვევები გამოვლინდა - ჩხეიძემ 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში სრულად და სწორად არ ასახა მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული კომპანიები.

კომენტარები