კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა, 78 თბილისში

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა, 78 კი თბილისში.

"თბილისში არის 78 შემთხვევა, იმერეთში - 52, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, გურიაში - 6, შიდა ქართლში - 6, ქვემო ქართლში - 2, კახეთში - 3, მცხეთა მთიანეთში - 2, სამცხე ჯავახეთში კი - 1". - თქვა ენდელაძემ. 

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 38-ის მდგომარეობა მძიმეა, 36 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათგან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი. 

რაც შეეხება, ქვეყანაში ბოლო პერიოდში გაზრდილ ინფიცირების მაჩვენებელს, ენდელაძე ამბობს, რომ შეინიშნება მატება, თუმცა ფიქრობს, რომ "რაღაც ეტაპზე შეჩერდება". 

"ჯერჯერობით ეს ის პერიოდია, როცა მათი [ინფიცირებულების] კონტაქტები გამოვლინდებიან და არის მატება, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე შეჩერდება ეს. კლინიკები აბსოლუტურად მზადყოფნაში არიან". - თქვა ენდელაძემ. 

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ვირუსის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები