ოკუპირებული აფხაზეთი

სუს: გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

radiotavisupleba.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა.

უწყების განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა. მათივე ცნობით, უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება ქალაქ გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამიანების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება". – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურდა ცხელი ხაზი. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ასევე მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

კომენტარები