ალიევი: ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევწყვეტთ, თუ სომხეთი ყარაბაღიდან ჯარებს გაიყვანს

en.trend.az

დაჭრილ სამხედროებთან შეხვედრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქოსთვის საომარი მოქმედებების შესაწყვეტად აუცილებელია, სომხეთმა დაუყოვნებლივ და სრულად გაიყვანოს საკუთარი ჯარები ყარაბაღის რეგიონიდან. 

პრეზიდენტის სიტყვებს ადგილობრივი მედია ავრცელებს. "სომხეთის პრემიერმა ჩვენ 7 წინაპირობა წამოგვიყენა, მე არც ისე დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ამ პირობების შესრულებაზე. ჩვენ მხოლოდ ერთადერთი წინაპირობა გვაქვს - სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაუყოვნებლივ და სრული შემადგენლობით უნდა დატოვოს ჩვენი მიწა. ეს წინაპირობა ძალაშია და თუ სომხეთის ხელისუფლებას მას შეასრულებს ბრძოლები, სისხლისღვრა შეჩერდება და რეგიონში მშვიდობა დაისადგურებს". – თქვა ილჰამ ალიევმა.

გუშინ, 29 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობას ვერ ხედავს და ეს რეგიონთან მიმართებით სომხეთის პოზიციით ახსნა.

დაჭრილ სამხედროებთან შეხვედრისას ალიევმა, ასევე, განაცხადა, რომ წინა წლებში აზერბაიჯანი კონფლიქტის მშვიდობიანი, მოლაპარაკებათა პროცესის ერთგული იყო. "ჩვენ გვაიმედებდნენ და ვიღებთ გარკვეულ სიგნალებს: რომ ცოტაც მოითმინეთ და საკითხი მოგვარდება, მაგრამ მე ყოველთვის ვაფრთხილებდი - თუ მოლაპარაკებები არ გამოიღებდა შედეგს, აზერბაიჯანი საკითხს სამხედრო გზით გადაწყვეტდა. ჩვენი საქმე მართალია, ჩვენ გვსურს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენ ამას გავაკეთებთ". – განაცხადა ალიევმა.

განახლებულ სამხედრო მოქმედებებს რუსული ტელევიზიის ეთერში გამოეხმაურა სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიც. პრემიერის თქმით, სომხეთი მზადაა წავიდეს მოლაპარაკებების პროცესზე, თუ კი ის მინსკის ჯგუფის ეუთოს ფორმატში გაიმართება. "უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, შეწყდეს ძალადობა. აზერბაიჯანმა უნდა მიიღოს ფორმულა, რომ ყარაბაღის პრობლემას არ აქვს სამხედრო გადაწყვეტა". – თქვა ნიკოლ ფაშინიანი. 

სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის რეგიონში 27 სექტემბერს დილის საათებში აღდგა. ამ დროისთვის, ორივე სახელმწიფოში საომარი მდგომარეობა მოქმედებს. შეტაკებების განახლებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

ოფიციალური ერევანის მტკიცებით, სამხედრო მოქმედებებში პირდაპირ მონაწილეობს თურქეთის არმიაც, რასაც ანკარა კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები