კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა

STR/AFP via Getty Images

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან გუშინ, 29 სექტემბერს, კიდევ 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

"გამოჯანმრთელების პროცენტი მაღალია. უკვე 50%-ზე ოდნავ მეტი გამოჯანმრთელებულია. ეს შეესაბამება 3 120 პაციენტს. კლინიკებში მკურნალობას გადის 3 072 პაციენტი. მათგან კრიტიკულად მძიმეა 28, აქედან 26 მართვით სუნთქვაზეა. 8 პაციენტი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 800-მდე არის - კონკრეტულად, გუშინ 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა". – თქვა ენდელაძემ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 192 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 120 გამოჯანმრთელდა, 37 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  

კომენტარები