სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: თურქეთის F-16-მა სომხეთის SU-25 ჩამოაგდო, პილოტი დაიღუპა

Pinterest

თურქეთის საჰაერო ძალების F-16 ტიპის თვითმფრინავმა სომხეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრცელებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის განცხადებით, თურქეთის ძალებმა სომხეთის SU-25 თვითმფრინავი სომხეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო. მისივე თქმით, პილოტი დაიღუპა. 

მან თქვა, რომ თურქეთის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი აზერბაიჯანის განჯის აეროპორტიდან აფრინდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. თავდასხმაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა 29 სექტემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა ყარაბაღის რეგიონის გარეთ მდებარე სომხურ ქალაქ ვარდენისს, რის შედეგადაც სულ მცირე 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათივე ინფორმაციით უპილოტო დრონით ცეცხლი გაუსხნეს სამოქალაქო ავტობუსს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ვარდენისიდან სომხეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო აზერბაიჯანის დაშქესანის მიმართულებით, რასაც სომხეთი უარყოფს.

აზერბაიჯანის პრეიზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ 27 სექტემბრის შემდეგ სომხეთის თავდასხმის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანელ სამხედროებში მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

კომენტარები