გაეროს უშიშროების საბჭო ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო / AP

გაეროს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების განსახილველად საგანგებო შეხვედრას გამართავს. დისკუსია დახურულ კარს მიღმა საქართველოს დროით 30 სექტებერს, 01:00-ზე გაიმართება.

საგანგებო შეხვედრა ბელგიის ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე მოიწვიეს, მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა და გერმანიამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება მოითხოვეს. მოგვიანებით, უშიშროების საბჭო ერთობლივ განცხადებას გაავრცელებს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. თავდასხმაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა 29 სექტემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა ყარაბაღის რეგიონის გარეთ მდებარე სომხურ ქალაქ ვარდენისს, რის შედეგადაც სულ მცირე 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათივე ინფორმაციით უპილოტო დრონით ცეცხლი გაუსხნეს სამოქალაქო ავტობუსს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ვარდენისიდან სომხეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო აზერბაიჯანის დაშქესანის მიმართულებით, რასაც სომხეთი უარყოფს.

აზერბაიჯანის პრეიზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ 27 სექტემბრის შემდეგ სომხეთის თავდასხმის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანელ სამხედროებში მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

კომენტარები