სომხეთი-აზერბაიჯანი

სომხეთი: აზერბაიჯანმა არაქსის ხეობაზე მასშტაბური თავდასხმა დაიწყო

არცრუნ ჰოვანისიანი

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, არცრუნ ჰოვანისიანი Facebook-ზე წერს, რომ აზერბაიჯანმა მდინარე არაქსის ხეობაში ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო.

"მტერმა ახალი, მასშტაბური თავდასხმა დაიწყო არაქსის ხეობაზე და თალიში-მატაგისის ტერიტორიაზე. თავდაცვის ჯარებმა წარმატებით შეძლეს ყველა შეტევის მოგერიება და მტრის ჯარისკაცებსა და ტექნიკას ზიანი მიაყენეს. ამ დროისთვის, 22 ტანკი, 10 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა, 370-ზე მეტი სამხედრო განადგურებულია". – წერს ის.

დღეს ჰოვანისიანმა პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ აზერბაიჯანი დასახლებული პუნქტების მიმართულებით საარტილერიო შეტევას აგრძელებს:

"მოცემულ მომენტში სამიზნედ კვლავ იქცა დასახლებული პუნქტები. ცოტა ხნის წინ მე მომაწოდეს კადრები, საიდანაც ჩანს, რომ აზერბაიჯანული მხარე საარტილერიო შეტევას ახორციელებს ქალაქ მარტაკერტზე". – თქვა მან.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის სომხეთის მხარეს დაღუპულია 58 სამხედრო.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი გათიშულია.

_____

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არაიკ არუტიუნიანმაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში, კომენდანტის საათი ამოქმედდა.

კომენტარები