სომხეთი-აზერბაიჯანი

სააკაშვილი: მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაა, ამას არაფერი შეცვლის

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირებას საკუთარ Facebook გვერდზე ეხმიანება. სააკაშვილი წერს, რომ დიდი გულისტკივილით ადევნებს თვალყურს სიტუაციის ესკალაციას. ის ასევე აღნიშნავს, რომ "მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის".

"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. არ არსებობს დღეს უფრო დიდი ფასეულობა. ამიტომ დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას.

ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის, რა თქმა უნდა, ამავე დროს, ყველას ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმურ-მეგობრულ ურთიერთობებში. ჩვენი მომავალი ისეთი უნდა იყოს, როგორც სამ ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთობაა და მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ გაგვთიშოს და იბატონოს და ჩვენ ამის საშუალება მათ არანაირად არ უნდა მივცეთ!" – წერს მიხეილ სააკაშვილი.

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არაიკ არუტიუნიანმაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში, კომენდანტის საათი ამოქმედდება.

მსხვერპლის შესახებ საუბრობს ორივე მხარე. დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო ოპერაციების შედეგად 6 დასახლება აიღეს, რაც სომხეთმა უარყო.

კომენტარები