სომხეთი-აზერბაიჯანი

ზურაბიშვილი ყარაბაღში დაპირისპირებაზე: სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობისკენ მოვუწოდებთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირებას ეხმაურება. ზურაბიშვილი ქვეყნებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.

"ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით. მათ მშვიდობისკენ მოვუწოდებ. სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს". – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. 

ქვეყნებს შორის დაპირისპირებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. საქართველო კი მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადა

საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არიაკ არტუტიუნიანმაც.

კომენტარები