სწავლის დაწყება

BIST სკოლების გახსნაზე: მცდელობის მიუხედავად, არ მიგვიღია ინფორმაცია ოფიციალური წყაროდან

ბრიტანულ-ქართული აკადემია BIST

თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (British International School of Tbilisi) მოსწავლეთა მშობლებს სწერს, რომ სკოლების გახსნის თაობაზე მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის გადამოწმებას ოფიციალურ სტრუქტურებში ცდილობენ, თუმცა მათგან პასუხს ვერ იღებენ. წერილი ტაბულას სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მიაწოდა.

"ბევრი თქვენგანი ნახავდა სიახლეს იმაზე, რომ სკოლები პირველ ოქტომბერს გაიხსნება. ეს ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ქართულ კლასებში პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეები სკოლაში დაბრუნებას შეძლებენ (თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლისთვის ეს გულისხმობს პირველიდან მეშვიდე კლასამდე მოსწავლეებს).

სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია ინფორმაცია არცერთი ოფიციალური წყაროდან იმის თაობაზე, რაც მედიაში გამოქვეყნდა, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დაგვედასტურებინა ეს ინფორმაცია".

"სამწუხაროდ, მერვე კლასიდან ზევით მოსწავლეები სახლიდან გააგრძელებენ სწავლას". - ნათქვამია სკოლის მიერ მშობლებისათვის მიწერილ წერილში.

მშობლებისათვის მეტი ინფორმაციის მისაღებად ისინი ოფიციალურ დასტურს ელოდებიან მთავრობისაგან.

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლების გახსნის თაობაზე განცხადება გუშინ, 24 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ოთხ ქალაქს შეეხება - თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს.

ბრიტანული საერთაშორისო სკოლა თბილისში მდებარეობს. როგორც ჩანს, მთავრობას სკოლების გახსნაზე ინფორმაცია ყველა სკოლისათვის არ მიუწოდებია.

ნათია მეზვრიშვილმა მედიასთან თქვა ისიც, რომ იმ სკოლებში, სადაც დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთონ და აირჩიონ დისტანციური მოდელი.

დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება სწავლა უნივერსიტეტებში. ამ დრომდე უცნობია საბავშვო ბაღების ბედი. მეზვრიშვილის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა გრძელდება.

კომენტარები