ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მოკვლას ნანობს

კიმ ჩენ ინი
EPA

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სამხრეთ კორეის ოფიციალური პირის მოკვლას ნანობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ავრცელებს

ინფორმაციის გავრცელების მეორე დღეს ჩრდილოეთ კორეის გაერთიანებული ფრონტის დეპარტამენტმა წერილი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯეი-ინის ადმინისტრაციას გაუგზავნა. 

წერილში კიმ ჩენ ინი "ბოდიშს" იხდის იმის გამო, რომ ინციდენტმა სამხრეთ კორეელი საზოგადოების იმედგაცრუება გამოიწვია. მისივე თქმით, ეს არ უნდა მომხდარიყო. 

წერილიდან ვიგებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებმა სამხრეთ კორეელ კაცს 10-ჯერ ესროლეს მას შემდეგ, რაც მან თავისი ვინაობა არ გაამჟღავნა და გაქცევა სცადა. 

მათვე თქმით, ჯარისკაცებმა მამაკაცის მცურავი მოწყობილობა დაწვეს და არა გვამი, როგორც ეს გუშინ ითქვა.

24 სექტემბერს სამხრეთ კორეის მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებმა ესროლეს სამხრეთ კორეის მეთევზეობის განყოფილების წარმომადგენელს და მოკლეს. ის მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიკარგა. 

21 სექტემბერს ის ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან 10 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა, ინფეონგის კუნძულთან. მან ფეხსაცმელები ნავზე დატოვა. ვარაუდობენ, რომ ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ჩრდილოეთ კორეის პატრულმა მამაკაცი ზღვაში 22 სექტემბერს შუადღით იპოვა. მას გაზის ნიღაბი გაუკეთეს და დაკითხვა მოუწყვეს. სამხრეთ კორეის განცხადებით, ბრძანების მიღების შემდეგ მას წყალში ესროლეს და მოკლეს. 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯეი-ინის თქმით, მომხდარი შოკისმომგვრელი და მიუტევებელია. 

სამხრეთ კორეამ მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა. 

ეს 2008 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებმა სამხრეთ კორეის სამოქალაქო პირი მოკლეს. 2008 წელს ტურისტს ესროლეს. 

კომენტარები