კანადის პოლიცია

კანადის პოლიციის თანახმად კანადის მოქალაქემ აშშ-ში საწამლავის შემცველი 6 წერილი გაგზავნა

Reuters

კანადის პოლიციამ მონრეალში გაჩხრიკა ბინა, რომელიც თეთრ სახლში დონალდ ტრამპისთვის და კიდევ 5 მისამართზე საწამლავის რიცინის შემცველი კონვერტების გაგზავნის გამო დაპატიმრებულ მოქალაქესთანაა დაკავშირებული.

კანადის პოლიციის თანახმად, ერთი კონვერტი თეთრ სახლში, ხოლო 5 ტეხასში გაიგზავნა. ოფიცერ შარლ პუარის ინფორმაციით, კანადის პოლიციამ ვერ დაადგინა ტეხასში კონკრეტულად რა მისამართებზე გაიგზავნა მოწამლული კონვერტები. თუმცა, ტეხასის ქალაქ მიშონში პოლიციის დეპარტამენტმა გასულ კვირას საეჭვო წარმოშობის წერილი მიიღო და ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცა. საწამლავის, რიცინის შემცველი წერილი მიიღო, ასევე, ტეხასის დაკავების იზოლატორმა.

მოწამლული წერილების გაგზავნაში ეჭვმიტანილი ქალი აშშ-კანადის საზღვარზე კვირას, 20 სექტემბერს დააკავეს. ქალს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. მას ბრალს აშშ-ს პროკურორის ოფისი ვაშინგტონში წარუდგენს.

ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ის აშშ-დან კანადაში დაადეპორტეს. ეჭვმიტანილი 2019 წელს ტეხასში არარეგისტრირებული იარაღის ფლობისთვის, დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევისთვის და ყალბი მართვის მოწმობის გამო დააკავეს. დაკავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაკავებული აშშ-ში ვადაგასული ვიზით იმყოფებოდა.

აშშ-სა და კანადის სამართალდამცველების ინფორმაციით, ამ დროისთვის ინციდენტის კავშირი რომელიმე პოლიტიკურ ან ტერორისტულ დაჯგუფებასთან არ გამოვლენილა, გამოძიება მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ კონვერტში რიცინის კვალი თეთრი სახლისთვის განკუთვნილი გზავნილების რუტინული შემოწმების დროს აღმოაჩინეს. ნივთიერება რიცინს ბუნებრივად შეიცავს აბუსალათინის მარცვლები.

გადაყლაპვის, ჩასუნთქვის ან სხეულში ინექციურად შეყვანის შემთხვევაში, ნივთიერება რიცინი მომაკვდინებელია. მან შეიძლება გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შინაგანი სისხლდენა და საბოლოოდ ორგანოების მუშაობის შეჩერება გამოიწვიოს. რიცინის ანტიდოტი ცნობილი არ არის და მასთან კონტაქტის შემდეგ სიკვდილი, შესაძლოა, 36-72 საათში დადგეს.

თეთრ სახლში და სხვა ფედერალურ შენობებში რიცინის შემცველი გზავნილები წარსულშიც გაუგზავნიათ. 2014 წელს მისისიპის მაცხოვრებელს 25 წლიანი პატიმრობა მიესაჯა რიცინის ფხვნილით დაფარული წერილების ბარაკ ობამასთვის გაგზავნისთვის.

​2018 წელს კი აშშ-ს ფლოტის ვეტერანი დაიჭირეს პენტაგონში და თეთრ სახლში ტოქსიკური წერილების გაგზავნისთვის.

კომენტარები