ბოლო 24 საათში კორონავირუსი დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. აქედან 10 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა.
"2 შემთხვევა დაფიქსირდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, 3 - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში, 1 - ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 - აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, 1 - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში, 2 - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში, 1 - თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 - თბილისში, დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში და 1 - სამეგრელოს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოში". – აცხადებს შსს.
სამინისტროს ინფორმაციით, ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ტესტის პასუხებს ელოდება.
"შენობებს, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. ცამეტივე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია" - აცხადებს შსს.
ამის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი 20 სექტემბერს დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში Covid 19 კიდევ 193 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 53 იმერეთში, ხოლო 31 - თბილისში.
სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 695 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 534 პაციენტი და გარდაიცვალა – 20. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, მეოცე გარდაცვლილი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალია, რომლის მდგომარეობაც თავიდანვე კრიტიკული იყო.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.





