ევროპარლამენტი

სონღულაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია

დავით სონღულაშვილი

გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში, სადაც დეპუტატები პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე შეშფოთებას გამოთქვამენ, პოზიტიურია. 

დეპუტატის თქმით, ანგარიში კიდევ ერთხელ ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 

"საქართველოს ევროინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, რასაც ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს. შესაბამისად, ის განცხადებები, რომელიც ამ ანგარიშის განხილვას მოჰყვა, ის ანგარიში, რომელიც შინაარსობრივად იყო წარმოდგენილი, არის დასტური იმისა, რომ საქართველო არის რეგიონში ნომერ პირველი პარტნიორი ევროკავშირისთვის და ევროკავშირი არის ერთერთი ძლიერი პარტნიორი საქართველოსთვის. 

შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ გრძელდება სექტორალური ინტეგრაცია და ეს გზა არის შეუქცევადი პროცესი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე". – თქვა დავით სონღულაშვილმა. 

16 სექტემბერს მიღებულ ანგარიშში ევროპარლამენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების არსებობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან, ისინი მიესალმებიან პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი პოლიტპატიმრების შეწყალებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნისგან. 

ანგარიშში წერია ისიც, რომ იუსტიციის სექტორში გატარებული რეფორმები მოკრძალებულია და რომ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პროცესი არ იყო გამჭვირვალე და მიმდინარეობდა პოლიტიკური ზეწოლით. 

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რევიზიისა და ახალი მოსამართლეების დანიშვნამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული გატარებისკენ. ანგარიში ხაზს უსვამს არაპოლიტიკური სასამართლო სისტემისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას.

კომენტარები