კორონავირუსი საქართველოში

შეზღუდვების გაუთვალისწინებლობის გამო, ქვეყნის მასშტაბით 20 სარიტუალო დარბაზი დაჯარიმდა

https://www.foweyhallhotel.co.uk/

აჭარაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუთვალისწინებლობის გამო 6 სარიტუალო დარბაზი დააჯარიმეს, სულ ქვეყნის მასშტაბით კი - 20. ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.  

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა ქორწილი ხორციელდებოდა სადედოფლო კაბის გარეშე. 

"აჭარის რეგიონში მოგვიხდა 6 სარიტუალო დარბაზის დაჯარიმება, რადგან მათ კვლავ განახორციელეს სოციალური ღონისძიება. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით 20 სარიტუალო დარბაზი დაჯარიმდა, რადგან შეზღუდვების მიუხედავად მაინც განახორციელეს სხვადასხვა ღონისძიებები. 

აქ გარკვეულწილად მოდიფიცირებას განიცდის და სხვადასხვა ადამიანი ცდილობს, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელოს სოციალური ღონისძიება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ ქორწილი ხორციელდებოდა სადედოფლო კაბის გარეშე. ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ". – ამბობს ფერაძე. 

კორონავირუსის პრევენციისთვის, 10 სექტემბრიდან ამოქმედებულმა რეგულაციამ ქორწილები, იუბილეები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ღია სივრცეშიც შეზღუდა.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები