კორონავირუსი საქართველოში

რიჟვაძე: აჭარაში, მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, სიტუაცია სრულად მართვადია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარაში, მიუხედავად კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, სიტუაცია აბსოლუტურად მართვადია და სამედიცინო სექტორი მზად არის, სრულად და ეფექტურად მართოს პროცესი. 

მისივე თქმით, ბათუმში კორონავირუსზე ტესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეს, შესაბამისად რიჟვაძის განმარტებით, ინფიცირებულების გამოვლენა უსწრაფესად ხდება. 

"აღსანიშნავია, რომ ბათუმი არის ყველაზე საყურადღებო, თუმცა, ძალიან სწრაფად ხდება გამოვლენა. ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ გაფართოებული ტესტირება ყველა მოქალაქისთვის, შესაბამისად, კოვიდინფიცირების გამოვლენა ხდება უსწრაფესად, ასევე ძალიან მალე ხდება ლაბორატორიული ნიმუშების აღება, მათი დამუშავება და პასუხების გამოვლენა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი სრულად მოვამზადეთ და ის, რომ ჩვენ პირველი ტალღის დროს შევარჩიეთ შეკავების მეთოდი, ამან მოგვცა საშუალება, რომ სრულად მოგვემზადებინა სამედიცინო და ჯანდაცვის სექტორი". – ამბობს რიჟვაძე. 

პაციენტების ისეთ მიზნობრივ ჯგუფებზე, როგორიც არის ფეხმძიმე ქალბატონები, რა თქმა უნდა, იმათთან მიმართებაშიც სამშობიარო საავადმყოფო სრულად არის მზადყოფნაში, რომ მართოს ეს პაციენტები". – ამბობს რიჟვაძე. 

მისივე ინფორმაციით, აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მსგავსად, სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება ხულოში, შუახევში და ქედაშიც. 

"გამოვლენილი 109 შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ ჩვენ დაგვიფიქსირდა კოვიდინფიცირება მაღალმთიანი აჭარის ერთერთ რესურსცენტრში, შესაბამისად, დღეს, ოპერატიული შტაბის ფორმატში, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად სამი მუნიციპალიტეტისა, როგორიც იყო ხელვაჩაური, ბათუმი, ქობულეთი, სწავლა გადაიდება მაღალმთიან აჭარაშიც, როგორც ხულოში, ასევე შუახევში და ქედაში. დისტანციურად დაიწყება სწავლა უკვე ხვალიდან, 15 სექტემბრიდან". – ამბობს თორნიკე რიჟვაძე. 

დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, მათგან 109 აჭარასა და ბათუმს უკავშირდება, 17 - თბილისს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები