"ყელში ამოგვივა და პასუხს მოვთხოვთ" - მეუფე იაკობი კრიტიკულ ტელევიზიებს კვლავ ემუქრება

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კრიტიკულ მედიას კვლავ ემუქრება. მეუფე იაკობი ამბობს: ამ ტელევიზიების დირექტორებს "პასუხს მოვთხოვთ, იმიტომ, რომ მოსათხოვი აქვთ". 

"რამდენი ხანია, ეკლესიაზე მიდის შეტევა. ისევ პრესით, ტელევიზიებით. მე ამას ჟურნალისტებს არ ვაბრალებ. წინა ქადაგებაშიც ვთქვი, ტელევიზიის მეპატრონეები რა შეკვეთასაც მისცემენ, ჟურნალისტი იმას გააკეთებს. რომელ თავისუფალ ტელევიზიაზე, პრესაზე ან ჟურნალისტზეა ლაპარაკი. რაღაცას შეუკვეთავენ, დაუწერენ... 

თქვენც უნდა რაღაცნაირად წინ აღუდგეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ... უცხოეთში კარგად ხედავთ, რომ რაღაც იყო, შარლი ებდოს ამბავი გახსოვთ და შეუვარდნენ და რა სასტიკად გაუსწორდნენ. ჩვენ ხომ მასე არა ვართ? მართლმადიდებელი ქრისტიანები და რადგან მასეთები არა ვართ და მოწყალებას ვიჩენთ ამ ჩვენი მაგინებლების მიმართ... 

რომელ კრიტიკაზე დამიწყეს ლაპარაკი? კრიტიკა კი არა, ეკლესიის მტრები არიან ჩვეულებრივი, კარგად იცოდნენ, რა. მტრები არიან და ეს უნდა უთხრან. მე წინაზეც მოვუწოდე ჩვენს მეუფეებს, რომ ამოიღონ ხმა. მათ გადახედონ, რომელი ტელევიზიებიც გვიტევენ, ხელმძღვანელები ვინ არიან და იმ ხელმძღვანელებმაც იცოდნენ - ყელში ამოგვივა და პასუხს მოვთხოვთ მაგათ. იმიტომ, რომ მოსათხოვი აქვთ პასუხი და მოეთხოვებათ კიდევაც. თუ არ უნდათ, რომ ლაჩრულად და სამარცხვინოდ დაამთავრონ თავიანი საქმეები, ჯობია, მიხედონ თავიანთ საქმეებს." - ამბობს მეუფე იაკობი. 

ბოდბელი ეპისკოპოსი მედიას 6 სექტემბერსაც დაემუქრა. მაშინ მეუფე იაკობმა თქვა: "ჩემს ეკლესიაზე მასე შეხებას არავის ვაპატიებ".

კომენტარები