ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტრაგედიის გამო დაბრუნებული ქალი COVID-19-ზე ტესტის პასუხის შემდეგ თვითიზოლაციაში გადავა

Tom Wolf

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გუშინ, 11 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება. უწყების ცნობით, მოქალაქის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარანტინში გადაყვანილი მიუნხენი-თბილისის რეისით ჩამოსული მოქალაქეები საკარანტინო სასტუმრომ არ მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. ხოლო ქალბატონი, რომელიც ოჯახური მდგომარების გამო ემოციურ მდგომარეობაში იყო, ტესტის აღებიდან 24 საათში – ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებისთანავე, თვითიზოლაციაში გადავა.

"სოციალური ქსელით  გავრცელდა  ვიდეო, სადაც  თელავის საკარანტინო ზონაში ტრანსპორტით გადაყვანისას  მიუნხენი-თბილისის რეისით ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ოჯახური ტრაგედიის გამო იმყოფებოდა ემოციურ მდგომარეობაში. სოციალური ქსელით და რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საკარანტინო სივრცე მზად არ იყო მგზავრების მისაღებად, ეძებდნენ სხვა სასტუმროს მგზავრების გადასანაწილებლად და თითქოს სასტუმროში ადგილზე არ იმყოფებოდა ექიმი, რაც  არის სრული სიცრუე.

სტუმრების მისაღებად სასტუმროს მზადყოფნას ადასტურებს სასტუმროს ადმინისტრაცია. საკარანტინო სივრცეში შესვლისთანავე სასტუმროს ექიმის მოთხოვნის საფუძველზე 30 წუთის განმავლობაში სასტუმრო "ძველ თელავში" გამოცხადდა ლაბორატორია და ერთ-ერთი მგზავრს, რომელსაც ოჯახური ტრაგედია შეემთხვა, ჩაუტარდა ტესტი. პროტოკოლის თანახმად, ტესტის აღებიდან 24 საათში –ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებისთანავე, დღეს, 12 სექტემბერს, მოქალაქე გადავა თვითიზოლაციაში". – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

გუშინ, 11 სექტემბერს,  სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საკარანტინო სასტუმროში მიმავალი მოქალაქეებიდან ერთ-ერთი ემოციურ მდგომარეობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ის სამშობლოში შვილის გარდაცვალების გამო დაბრუნდა. მოქალაქის ცნობით, ისინი საკარანტინო სასტუმრომ არ მიიღო და სხვა საკარანტინო ზონისკენ გადაამისამართა.

კომენტარები