რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურს, ქიმიური იარაღის რეალიზაციის შეზღუდვა გააუქმოს

parliament.uk

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წამოაყენა წინადადება, საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებები ამოეღოთ იმ პროდუქციის სიიდან, რომლების თავისუფალი რეალიზაციაც რუსეთში აკრძალულია. სამინისტროს წინადადება ითვალისწინებს 1992 წელს პრეზიდენტის მიერ მიღებულ განკარგულებაში ცვლილებების შეტანას.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, 1997 წლიდან რუსეთი შეუერთდა ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციას, რის შემდეგაც ქვეყანაში ქიმიური იარაღი აღარ იწარმოება, ხოლო ქიმიური იარაღის ძველი მარაგები განადგურებულია. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს აზრით, საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერების რეალიზაციის აკრძალვას აზრი არ აქვს. 

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამლეს. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" რუსული წარმოშობისაა. ამავე ნერვული აგენტით მოწამლეს 2018 წელს სერგეი და იულია სკრიპალები დიდ ბრიტანეთში.

"ნოვიჩოკი" შედის იმ ნივთიერებათა სიაში, რომელსაც კრძალავს კონვენცია ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა, ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან ალექსეი ნავალნის მოწამვლის მიუკერძოებელი გამოძიებისთვის. სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა რუსეთს, გაასაჯაროოს "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიურ აგენტებზე არსებული ინფორმაცია და გადასცეს ის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას.

კომენტარები