ქორწილების აკრძალვა

უქორწილო პატარძლები ქუჩაში გამოდიან

ქეთი კაკაბაძეს ქორწილი ხვალ უნდა ჰქონოდა. 10 სექტემბრიდან ამოქმედებული რეგულაციების გამო მას “დიდი დღის” გადადება კიდევ ერთხელ მოუწევს. აგვისტოში ეს ერთხელ უკვე მოხდა - მაშინ ქეთისა და მის მომავალ მეუღლეს ქორწილი დახურულ სივრცეში უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ისიც რეგულაციებმა ჩაშალა.

"ვიპოვე ღია ცის ქვეშ ადგილი, სადაც ერთადერთი თარიღი იყო, 12 სექტემბერი. მთლიანი თანხა მაშინვე გადავიხადე, ჩემი ხელით გავაკეთე დეკორაციები, მოვაგვარე საკვები, ფოტოგრაფი, ვიქირავე ბენდი, დიჯეი და აპარატურა. გუშინ გავიგე, რომ ღია სივრცეებშიც აკრძალეს. შემეძლო, რომ 30 აგვისტოს გამეკეთებინა ქორწილი დახურულ სივრცეში, მაგრამ დავემორჩილე წესებს და არ გავაკეთე, ახლა მე დავიჩაგრე. გუშინდელიდან სამ დღეში მქონდა ქორწილი და მეორედ ჩამეშალა ეს ყველაფერი". - ამბობს ის.

ქეთის მსგავსი პრობლემა აქვს იმ მრავალ წყვილს, რომელმაც ქორწინება მარიამობის მარხვის დასასრულს დანიშნა. ქეთი ბრაზობს. ბრაზობს და სოციალურ ქსელში გამოხატავს. ჯანდაცვის მიზანთან მისი და მის ბედ ქვეშ მყოფი პატარძლის ბრაზი საზოგადოების ნაწილს უპასუხისმგებლო პრეტენზიულობად მიაჩნია, თუმცა ქეთის აღშფოთება მხოლოდ ლხინის გადადებას არ უკავშირდება - ის დიდ ფინანსურ ზარალზე წუხს. ახალმა რეგულაციებმა სეზონის საქორწინო ინდუსტრია, პრაქტიკულად, ჩამოანგრია. 

იმავე რეგულაციებს ემსხვერპლა ჩვენი მეორე რესპონდენტის ქორწილიც, რომელსაც საზოგადოების ზემოაღნიშნული ნაწილის რეაქციის გამო ვინაობის დასახელება არ სურს. მას 24 სექტემბერს, ღია სივრცეში, 40-კაციანი ქორწილის გადახდა სურდა.

"დაჯავშნილი იყო სახლიც და სუფრაც, რაშიც წინასწარ დავტოვე 500 ლარი. როგორც კი გავიგე ეს ამბები, მაშინვე მივწერე ორგანიზატორებს, რომ ფული დაებრუნებინათ, რადგან ქორწილის გაუქმება ჩემი მიზეზით არ მომხდარა. მათ მითხრეს, რომ თანხას არ დამიბრუნებენ". - ამბობს ის.

თანხა ორგანიზატორებმა ან არ დაუბრუნეს, ან ვერ - რადგან ზარალი ნახეს არა მხოლოდ დამკვეთებმა, არამედ ორგანიზატორებმაც. 

კომპანია Your Celebration Story-ს მფლობელი, მარიამ ხიზამბარელი გვეუბნება, რომ ქორწილების აკრძალვის შედეგად ის და მისი ოჯახი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩნენ. მისი თქმით, სექტემბერში დაგეგმილი 15-მდე ქორწილი გაუუქმდა, რამაც ათასობით ლარის ზარალი მოუტანა.

"დამკვეთებს ჩარიცხული აქვთ ჯავშნის თანხები, ეს ანაზღაურებები, ცხადია, ჩაბრუნებულია სხვა ქორწილებში ან ხმარდება მათივე ქორწილების ორგანიზებას. ხალხი ახლა უკან ითხოვს ამ თანხას. არამარტო მე, ყველა ადამიანი, ვინც მომყავს ღონისძიებისთვის - მრეცხავები, ხელოსნები, ფოტოგრაგრაფები, ვიდეოგრაფები დარჩნენ შემოსავლის გარეშე. რა უნდა გააკეთოს ამ ხალხმა? სექტემბერი გვქონდა იმედად და ვფიქრობდით, რომ ამ პერიოდში დაგროვილი თანხებით ვიცხოვრებდით ზამთარში". - ამბობს ის და შერჩევით მიდგომაზე ლაპარაკობს: "ავიღოთ დედნროლოგიური პარკი, სადაც წელს ძალიან დიდი რიგები იყო, ხალხი ერთმანეთზე გადადიოდა. ვინ დაადგინა ეს კლასტერები, რომ, მაგალითად, ამ პარკიდან არ გავრცელდა? შეზღუდვები დაგვიწესეს ალოგიკურად, დაგვტოვეს უმუშევრები". - ამბობს ის.

10 სექტემბრიდან ამოქმედებულმა რეგულაციამ ქორწილები, იუბილეები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ღია სივრცეშიც შეზღუდა. თუმცა ნებადართული დარჩა საარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული აქტივობები.

თამუნა გავაშელი კომპანია Orionwedding-ის ღონისძიებების მენეჯერია და ქორწილების ორგანიზებაზე მუშაობს. გავაშელი ყვება, რომ რეგულაციების გამო სექტემბერსა და ოქტომბერში დაგეგმილი 12 ქორწილი გაუუქმდა, რის გამოც ის და მისი თანამშრომლები ფაქტობრივად უმუშევრები დარჩნენ. ამასთან ერთად კი დამკვეთების მიერ წინასწარ გადახდილი თანხების დაბრუნება მოუწიათ.

"მთელი გაზაფხული და ზაფხული ჩაგვივარდა, ერთი თვეა, რაც ავმუშავდით და ახლა მოულოდნელი და გაუფრთხილებელი აკრძალვები მეტისმეტია. არ ვთხოვთ სახელმწიფოს არანაირ დახმარებას, არ გვჭირდება სამადლოდ ჩარიცხული კომპენსაციები, ერთადერთი რამ გვინდა - მოგვცენ მუშაობის უფლება". - ამბობს ის.

სექტემბერსა და ოქტომბერში დაგეგმილი 7 ქორწილი გაუუქმდა მომღერალ ქრისტინე მარტიაშვილსაც. ის გვიყვება, რომ ხვალ შეკვეთილში, ქორწილში მიდიოდა, უნდა ემღერა, თუმცა გუშინ ტელევიზორიდან შეიტყო, რომ უმუშევარი დარჩა.

"ამ ქორწილების ავანსები მაქვს აღებული, რომელიც 100-200 ლარი არ არის და თანხას უკან ითხოვენ, არადა დახარჯული მაქვს უკვე. სოციალური დახმარებები მუსიკოსების უმეტესობამ ვერ აიღო, რადგან ყველანაირ ხელფასს ხელზე ვიღებთ. რეალურად არ ვარსებობთ ამ ქვეყანაში. დავრჩი ნულზე, უფრო სწორად, მინუსებში ვარ.

რითი გადავრჩე? ვცხოვრობ მარტო და არავინ მყავს ისეთი, ვინც დამეხმარება. მთავრობამ გვაცადოს საქმის კეთება, არაფერს ვითხოვ მათგან, უბრალოდ მუშაობა გვაცადონ". - ამბობს ის.

ჩვენი ხუთივე რესპოდენტი Facebook-ში ახლად შექმნილ ჯგუფში ვიპოვეთ, სადაც ღონისძიებების აკრძალვის რეგულაციას პროტესტი გამოუცხადეს და აქცია დაგეგმეს. 

ხუთივე მათგანი ამბობს, რომ ადარდებს ქვეყნის ჯანდაცვა, მაგრამ მათი დარწმუნება, რომ რეგულაციები გონივრული სტრატეგიის ნაწილია და გადაყრილი თუ დაკარგული ფული საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის გაღებულ ხარჯად უნდა მიიჩნიონ, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. 

კომენტარები