საქართველო 8 ერში

საქართველოს რაგბის ნაკრები 8 ერში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს რაგბის ნაკრები 8 ერში მიიღებს მონაწილეობას. ბორჯღალოსნებმა იაპონია ჩაანაცვლეს და ინგლისის ნაკრებს შეხვდებიან. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გარეთ საქართველო ინგლისის ნაკრებს ეთამაშება. ჯგუფში საქართველო უელსთან და ირლანდიასთან მოხვდა.

ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს ექვსი ერის ორგანიზატორებმა და შესაბამისი სიახლე ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს.

თავდაპირველად 8 ერში უნდა ეთამაშათ ტურნირის უცვლელ მონაწილეებს - ინგლისს, საფრანგეთს, შოტლანდიას, ირლანდიას, უელსს, იტალიას და ორ მიწვეულ ნაკრებს - ფიჯის და იაპონიას.

მოგვიანებით, ქვეყანაში პანდემიით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, იაპონიის რაგბის კავშირმა უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე, რამაც საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაში მონაწილეობის შანსი მისცა.

საქართველო ინგლისს 14 ნოემბერს თვიქნემის სტადიონზე შეხვდება. ორი ნაკრებისთვის ეს მესამე დაპირისპირება იქნება. საქართველო და ინგლისი ერთმანეთს შეხვდნენ 2003 და 2011 წლებში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებზე.

მეორე ჯგუფში მოხვდნენ შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია და ფიჯი. ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს 5 დეკემბერს ფინალში დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებლობის შემდეგ ხუთჯერ ითამაშა მსოფლიოს თასების ფინალურ ეტაპზე (2003, 2007, 2011, 2015, 2019) და მოახერხა ხუთი თამაშის მოგება. ერთხელ 2015 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მოიგო 2 მატჩი და პირდაპირ მოიპოვა 2019 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება.

კომენტარები