ხანძარი ბეირუთის პორტში

ბეირუთის პორტში ხანძარი გაჩნდა

Reuters

დღეს, 10 სექტემბერს, ბეირუთის პორტის ტერიტორიზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები.ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ხანძრის ჩაქრობაში არმიის ვერტმფრენიც მონაწილეობს.

ლიბანის არმიის ინფორმაციით, ცეცხლი ძველ საბურავებსა და საწვავს გაუჩნდა. თუმცა ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ოფიციალური ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა ქალაქის ზოგიერთმა მცხოვრებმა ბეირუთი დატოვა.

ლიბანის წითელი ჯვრის ხელმძღვანელის, ჯორჯ კეტანის განცხადებით, ბეირუთის პორტში კიდევ ერთი მძლავრი აფეთქების საფრთხე არ არსებობს.

4 აგვისტოს ბეირუთის პორტის საწყობში მძლავრი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა - 190-მდე და დაშავდა 6000-მდე ადამიანი. 300 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ეკონომიკური ზარალი 10-15 მილიარდ დოლარს წარმოადგენს. აფეთქებამ გაანადგურა პორტში მდებარე შენობები და 10 კილომეტრის რადიუსში დააზიანა ნაგებობები. საწყობში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რომელიც 2013 წელს ერთ-ერთი გემიდან ამოიღეს. ამონიუმის ნიტრატი სასუქის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ამავდროულად ძლიერი ფეთქებადი ნივთიერებაცაა. არსებული ვერსიით, ამონიუმის ნიტრატის აფეთქება მის სიახლოვეს გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

კომენტარები