ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი

თავდასხმა ნავალნის ოფისზე - თავდამსხმელმა ოფისში მძაფრი სუნის სითხის ფლაკონი გატეხა

tolknews.ru

ნოვოსიბირსკში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ოფისს თავს დაესხნენ. ნავალნის ოფისში, ასევე, განთავსებულია ოპოზიციური კოალიციის შტაბი, ნოვოსიბირსკ 2020.

8 სექტემბერს, დილით, არჩევნებზე დამკვირვებლებისთვის გამართული ლექციის დროს ოფისის შენობაში კაცი შეიჭრა, მას სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული. თავდამსხმელმა მძაფრი სუნის სითხის შემცველი 200-მილილიტრიანი ბოთლი იატაკზე დაანარცხა და შემდეგ გაიქცა. თავდამსხმელის თანამზრახველი მას ქუჩაში ელოდებოდა. ინფორმაცია სერგეი ნავალნის შტაბის ხელმძღვანელმა, სერგეი ბოიკომ გაავრცელა.

სერგეი ბოიკოს განცხადებით, პოლიციის ინფორმაციით, ოფისში თავდამსხმელმა გატეხა მჟავაზე დაფუძნებული პრეპარატი, რომელსაც ვეტერნარები იყენებენ. თავდაპირველად ნავალნის შტაბში ამბობდნენ, რომ ოფისში გოგირდწყალბადის ბოთლი გატეხეს.

თავდასხმის შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდა სამ მოხალისეს. არტიომ იაუმბაევი ცუდად გახდა თავდასხმიდან 20-30 წუთის შემდეგ. თავდაპირველად მას გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი აწუხებდა. მოგვიანებით, როცა ცოტათი უკეთ გახდა გაუჩნდა ისეთი შეგრძნება სახეში, რომელიც კბილის გაყუჩების შემდეგ ჩნდება. დაზარალებულები ჩიოდნენ თავბრუსხვევაზე. მათ გაუჩნდათ კონვულსიები და აუწიათ სხეულის ტემპერატურამ.

იაუმბაევის განცხადებით, დაზარალებულების მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც მათ თქვეს, რომ ნავალნის შტაბში მუშაობდნენ. იაუმბაევის თქმით, საავადმყოფოს თანამშრომლებმა დაზარალებულებს უთხრეს, რომ ისინი "უბრალოდ განერვიულდნენ". მეორე დაზარალებულს, ანა კისელევას ექიმები თავდაპირველად შემოწმებაზე უარს ეუბნებოდნენ. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კისელევამ განაცხადა, რომ ექიმების ვერსიით მოხალისეების ჯანმრთელობის გაუარესება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების გამო მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნოვოსიბირსკის ოლქის მთავარი სამმართველოს თქმით, მიმდინარეობს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება.

ეს თავდასხმა უკანასკნელია ოპოზიციის საქმიანობაში ხელისშემშლელი მოქმედების სერიაში. 13 სექტემბერს ნობოსიბირსკში მერის არჩევნები გაიმართება. ქალაქის მმართველობამ კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის სტენდების დადგმა აუკრძალა და ორჯერ დააჯარიმა კოალიციის ლიდერი, სერგეი ბოიკო არაავტორიზებული შეკრებებისთვის.

ივან ჟდანოვმა, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელმა, ნოვოსიბირსკის თავდასხმა ნავალნის მოწამვლას დაუკავშირა.

"ქიმიკატებით თავდასხმის იდეა არ გაჩნდებოდა, კრიმინალები რომლებმაც ნავალნი მოწამლეს დაკავებულები რომ იყვნენ". – დაწერა ჟდანოვმა Facebook-ზე.

ალექსეი ნავალნი ახლა გერმანიაში მკურნალობს. 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანელმა ექიმებმა ნავალნის ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს.

ალ​ექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა, რუსი ოპოზიციონერი ცუდად გახდა ტომსკი-მოსკოვის ფრენის დროს, რის შემდეგაც ბორტი ქალაქ ომსკის აეროპორტში დაჯდა. ომსკში ნავალნი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნინოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი ნოვიჩოკი რუსული წარმოშობისაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის განცხადება, რომ ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული, ფაქტებით არ არის განმტკიცებული.

კომენტარები