პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ზურაბიშვილი: რუსულმა მედიამ საქართველოსა და მის პარტნიორებზე ფეიკნიუსი გაავრცელა

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ რუსულ მედიაში საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის შესახებ ყალბი ამბავი გავრცელდა.

პრეზიდენტის თქმით, მედიამ არარსებული წერილი გაავრცელა, რომელიც თითქოს მას მარგარიტის შინასმა მისწერა.

"პორტალზე gosnovosti განთავსდა სტატია - "საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს".

სტატიაში მოყვანილია არარსებული და გამოგონილი წერილი, რომელიც თითქოს საქართველოს პრეზიდენტს მისწერა ევროპული ცხოვრების წესის მხარდამჭერი კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის შინასმა. 

გაყალბებულ წერილში მარგარიტის შინასი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილ პირთა ბანაკის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. 

აღმაშფოთებელია რუსული მხარის კიდევ ერთი მცდელობა, მოხდეს საქართველოს ხელისუფლებისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მისი ურთიერთობების საერთაშორისო დონეზე დისკრედიტაცია.

ცრუ ინფორმაციის გავრცელებით რუსული მხარე ასევე ცდილობს, საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, მასში გააღვივოს ანტიდასავლური განწყობები და შექმნას ცრუ საფრთხის მოლოდინი მეგობარი და მეზობელი ქვეყნების მხრიდან.

მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში, მკაცრად დაგმონ რუსული მხარის აღნიშნული პროვოკაციული მცდელობები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის ხელის შეშლას". – წერია განცხადებაში.

კომენტარები