კორონავირუსი საქართველოში

შეკვეთილში, "პარაგრაფის" სტუმარს Covid 19 დაუდგინდა, სასტუმრო მუშაობას აგრძელებს

შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფის ერთერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას Covid 19 თბილისში დაბრუნების შემდეგ დაუდგინეს. სასტუმროს ადმინისტრაციის განცხადებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ თანამშრომლებს ტესტის შედეგად ვირუსი არ დაუდასტურდათ და პარაგრაფი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

"პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა Covid 19, არ არის სასტუმროს არაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილის შტატში რიცხული თანამშრომელი და იმყოფებოდა სასტუმროში დროებით. მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან.

აღნიშნულ პირს, ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც იყვნენ მასთან შემხებლობაში, ჩაუტარდათ ტესტირება და ყველამ მიიღო უარყოფითი პასუხი. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი რეკომენდაციებით რჩებიან იზოლაციაში. სასტუმრო პარაგრაფი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას," - ნათქვამია განცხადებაში. 

სასტუმრო პარაგრაფი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანაინვესტირების ფონდს ეკუთვნის. ის 60 მილიონ დოლარად იყიდება. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 45 - ბოლო ერთ დღეში, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ჯამში გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

კომენტარები