პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: ღვთისმშობელთან ომი არავის მოუგია, მე გეუბნებით, რომ ხატი დარჩება აფხაზეთში

"თქვენ ჯერ არ იცით, ხატი რა მიმართულებას აიღებს, მე გეუბნებით, რომ ხატი დარჩება აფხაზეთში" - ასე პასუხობს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი იმნაიშვილის კითხვას, დახვდება თუ არა ენგურის ხიდთან ხატს, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესია საჩუქრად არ იღებს და პატრიოტთა ალიანსს უკან უბრუნებს.

"ნუ დავასწრებთ მოვლენებს, ამდენი დღის მანძილზე მესმის, რომ ხატი ბრუნდება, მაგრამ ამდენი დღის მანძილზე ხატი ილორსა და აფხაზეთშია, ამიტომ მინდა ხაზი გავუსვა - ნურავინ შეეცდება, ითამაშოს ღვთისმშობლის ხატის თემით, ეს ძალიან ფაქიზი თემაა, არავის ვურჩევ, არც ქართველებს და არც აფხაზებს, რომ დაუპირისპირდნენ ამ ხატს, იმიტომ, რომ ღვთისმშობელთან ომი არავის მოუგია. ეს ღვთისმშობელი უკვე წოდებულია ილორის ღვთისმშობლის სახელით და ილორის ღვთისმშობელი ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს ქართველებსაც და აფხაზებსაც". - ამბობს ინაშვილი.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ იყვნენ. ისინი დეფაქტო პრეზიდენტის, ალსან ბჟანიას თანაშემწეს, ლაშა საკანიას შეხვდნენ. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მათ "ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს". ადგილობრივი მედიის, Apsny PUBLIC-ის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დეფაქტო სახალხო კრებაზე მარიონეტ დეპუტატებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერები რეგიონში ვიზიტის დროს მათ სამომავლოდ ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებლად ცნობას დაჰპირდნენ.

აფხაზეთში რამდენიმე არაღიარებული საეკლესიო დაჯგუფება არსებობს, რომლებმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრები მიითვისეს. მათ ეპისკოპოსი არ ჰყავთ. ნაწილი ავტოკეფალიის აღიარებას მოსკოვისგან მოელის, ნაწილი კი კონსტანტინოპოლისგან.

მღვდელ ბესარიონ აპლიას დაჯგუფებამ, რომლის ეკლესიამაც ნაჩუქარ ხატთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რამდენიმე წლის წინ ავტოკეფალია გამოაცხადა.

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო იურისდიქციაშია.

კომენტარები