ჰარცელი: ეს გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება, არჩევნები ახლოვდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე მომხდარ კიბერშეტევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ეს არ იყო პირველი კიბერშეტევა საქართველოზე.

"კიბერშეტევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე ძალიან შემაშფოთებელი იყო, როგორც ჩემთვის, ასევე სხვებისთვის. ეს არ იყო პირველი კიბერშეტევა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომელიც საქართველოზე განხორციელდა. ამ ფაქტს ყველა თვალყურს ადევნებს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ ძალიან დიდი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ განახორციელა ეს შეტევა. სანამ ამ თემაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება, ამ საკითხზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ. ეს ჩვენ ყველას გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები ახლოვდება". – ამბობს კარლ ჰარცელი [რუსთავი 2-ის თარგმანი]

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე 1-ელ სექტემბერს კიბერშეტევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიბერშეტევა "ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა".

გამოძიების მიხედვით, კიბერშეტევის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

შსს-ს ცნობით, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამ დროისთვის ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეა ატვირთული და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, რა მისია აქვს და როგორ ებრძვის მას რუსეთი - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები