აშშ-ის საელჩო ლუგარზე კიბერშეტევაზე: ვგმობთ ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას

Shutterstock

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო "ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას" გმობს.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, კიბერშეტევის შესახებ ცნობით აღშფოთებული არიან და "ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას" გმობენ.

"ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში. COVID-19 პანდემიის დროს ლუგარის ცენტრმა საქართველოს საპასუხო ქმედებებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ეხმარება რა ქართველ ხალხს ჯანმრთელობის დაცვასა და სიცოცხლის გადარჩენაში. 

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას. კიბერსივრცის უსაფრთხოება დამოკიდებულია სახელმწიფოთა პასუხისმგებლიან ქმედებაზე. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების სხვა თანამოაზრეებთან ერთად შევასრულებთ კიბერსივრცეში სახელმწიფოთა პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემის ვალდებულებებს. ჩვენ მათ, ვინც ამ სისტემის მიღმა მოქმედებს, ვალდებულებების შესრულებისა და საზიანო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ." - წერია განცხადებაში.  

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე 1-ელ სექტემბერს კიბერშეტევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიბერშეტევა "ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა". 

გამოძიების მიხედვით, კიბერშეტევის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

შსს-ს ცნობით, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამ დროისთვის ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეა ატვირთული და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.  

როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, რა მისია აქვს და როგორ ებრძვის მას რუსეთი - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები