გამყრელიძე კიბერშეტევაზე: არა მგონია, ინფორმაციის ინტერესი იყოს, ინფორმაცია გამჭვირვალეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევის მიზეზი ინფორმაციის მიმართ ინტერესი არ იქნებოდა, რადგან, მისივე თქმით, ლაბორატორიის ყველა ინფორმაცია გამჭვირვალეა. 

"ყველა ჩვენი ინფორმაცია გამჭვირვალეა, დევს ვებგვერდებზე. ხშირად ჩვენი პუბლიკაციები პრესაშია, იქნება ეს სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი პრესა, ამიტომ არ მგონია. 

ალბათ, მაინც გუშინ რომ გამოჩნდა, ვითომ ნოვიჩოკი მზადდება სადღაც და, მათ შორის, ეს ლაბორატორიაც დასახელდა. კიდევ, გამოხმაურებები ნავალნის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, რასაც გერმანელები ადასტურებენ. ვფიქრობ, რომ მორიგი გაღვივებაა არსებული თემის, რომელიც ზოგიერთებს და ზოგიერთ სახელმწიფოს აქვს. 

რადგან ეს გახლავთ ქართულ-ამერიკული პროექტი, ლუგარის თემა მუდმივად არის და როცა უნდათ ხოლმე, ასე გააღვივებენ." - ამბობს ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში.  

გამყრელიძის თქმით, რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის გამო შეშფოთების და ეჭვის გაჩენის მიზეზი არ აქვს, რადგან, მისივე თქმით, "ლაბორატორიაში ბევრჯერ არიან ნამყოფი და ეს არის "ტიპური პოლიტიკა".

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე 1-ელ სექტემბერს კიბერშეტევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიბერშეტევა "ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა". 

გამოძიების მიხედვით, კიბერშეტევის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

შსს-ს ცნობით, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამ დროისთვის ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეა ატვირთული და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. 

როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, რა მისია აქვს და როგორ ებრძვის მას რუსეთი - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები