იმნაძე კიბერშეტევაზე: არ მეშინია, საიდუმლო ექსპერიმენტი არ გვაქვს, ვერ მოიპარავდნენ

"არ გვეშინია, რადგანაც ჩვენ აქ რაიმე საიდუმლო ექსპერიმენტები არ გვაქვს და ვერაფერს მოიპარავდნენ." - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევის შესახებ საუბრისას.

"მე ძალიან არ მაწუხებს ქვეყნის გარედან [შეტევა]. მე, იცით, რა მაწუხებს? ქვეყნის შიგნიდან რომ გვიტევენ. გარედანაც და შიგნიდანაც ერთნაირად გვიტევენ, მიჩვეულები ვართ მაგას. მაგისთვის არ გვცალია, საქმე გვაქვს გასაკეთებელი, კოვიდს ვებრძვით და ჩვენი საქმე ახლა ეგ არის." - უთხრა იმნაძემ რუსთავი 2-ს. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე 1-ელ სექტემბერს კიბერშეტევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიბერშეტევა "ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა". 

გამოძიების მიხედვით, კიბერშეტევის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

შსს-ს ცნობით, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამ დროისთვის ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეა ატვირთული და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. 

როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, რა მისია აქვს და როგორ ებრძვის მას რუსეთი - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები