კორონავირუსი საქართველოში

რიჟვაძე: აჭარაში კვების ყველა ობიექტის, მათ შორის ღამის კლუბების მონიტორინგი გამკაცრდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში კაფე-ბარების და კლუბების მონიტორინგი გამკაცრდება. მისივე თქმით, არ იგეგმება შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება. 

რიჟვაძე ამბობს, რომ ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი კარავი დაემატა, სადაც მოქალაქეები და სტუმრები კორონავირუსზე ტესტირების გავლას უფასოდ შეძლებენ.

"გამკაცრდება მონიტორინგი და გაიზრდება მოთხოვნები საზოგადოებრივი კვების ყველა ობიექტის, მათ შორის ღამის კლუბების მიმართ. ასევე, მათ მოვუწოდებთ, დეზინფექციისა და პერსონალის ტესტირების ნაწილში ჰქონდეთ მაქსიმალური კოორდინაცია. ყველა ეს ნორმა და რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული, ვინაიდან ახლა ჩვენი შვილებისა და მოხუცების მიმართ რისკები კიდევ უფრო მოიმატებს. შესაბამისად, უკვე შეჩვეული რეკომენდაციები, განსაკუთრებით, როგორიც იყო პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და სხვა, უნდა იქნას შესრულებული, რომ ჩვენ ყველამ ერთად, გავაგრძელოთ ამ ყველაფრის მშვიდად, ეფექტურად მართვა და საბოლოო ჯამში დავამარცხოთ ეს ყველაფერი". – ამბობს რიჟვაძე. 

2 სექტემბერს, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში დადასტურდა. 21 შემთხვევა ბათუმში ერთერთ საკონდიტრო მაღაზია დონას უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ბათუმში გაფართოებული ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს, 2 სექტემბერს დილიდან ბულვარის მიმდებარედ მესამე კარავიც დაემატა, სადაც, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება. ასევე დღეს დილიდან ხუთმა კლინიკამ ამბოლატორული ტესტირება დაიწყო. მისივე თქმით, ბათუმში ყოველდღიურად საშუალოდ 1600-1800 ტესტის ჩატარების რესურსია. ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ ყოფილა.

კომენტარები