პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: მალე გაჩვენებთ, ვინ ვისი ნამდვილი აგენტი ხართ და ვინ ვის დაკვეთას ასრულებთ

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ოპონენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ მალე აჩვენებს "ვინ ვისი ნამდვილი აგენტია და ვინ ვის დაკვეთას ასრულებს". მისივე თქმით, მოტივირებულია, რომ "ყველას ბოლომდე ჩამოხადოს ნიღაბი".

"არასდროს მიგრძვნია საკუთარ თავში ისეთი ძალა, როგორსაც დღეს ვგრძნობ. პოლიტიკური ბუნკერი უნდა გავიტანოთ!!! ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ ისინი, რომლებმაც ყველა მხრიდან "ცეცხლი" გაგვიხსნეს, მხოლოდ მაძლიერებს და თქვენს გასანადგურებლად მიმაღლებს მოტივაციას ეს სამარცხვინო შტურმი. მალე გაჩვენებთ, ვინ ვისი ნამდვილი აგენტი ხართ და ვინ ვის დაკვეთას ასრულებთ. ყველა ერთის, ანუ ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანდით? ოცნება და ნაცების კრიმინალური პოლიტჯგუფები ერთ ხმაში მღერით?! სხვას არც ველოდი თქვენგან. ბნელი მედალი კი არა, ამ ქვეყნის წურბელები ხართ. გამოწოვეთ ქართველ ხალხს სიცოცხლის ენერგია და ხალისი. ადამიანები ცოცხალ გვამებად აქციეთ, ისე გააღატაკეთ. სოხუმი და ცხინვალი კი არა, თქვენი სკამების გარდა, არაფერი გადარდებთ. ცრუ, ფლიდი, მზაკვარი და უწესო ხალხი ხართ". – წერს ინაშვილი Facebook-ზე

რუსი ბიზნესმენისა და ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ გამოძიების პირველი ნაწილი ცენტრმა 24 აგვისტოს გამოაქვეყნა და მასში საუბარი იყო პატრიოტთა ალიანსისა და კრემლის თანამშრომლობაზე. ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

გამოძიების მეორე ნაწილი 31 აგვისტოს გაავრცელა. მასში საუბარია უშუალოდ წინასაარჩევნო სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგვმაზე, რომელიც რამდენიმე პიარკომპანიის გავლით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული.

როგორც ირკვევა, რუსი კურატორები "პატრიოტებს" აგვისტოს ომის წლისთავზე საპროტესტო მიტინგის ჩატარებას სთხოვდნენ, თუმცა პატრიოტთა ალიანსმა წინადადებაზე უარი თქვა. ასევე, გამოძიების მეორე ნაწილის მიხედვით, სექტემბრის პირველ რიცხვებში რუსი კურატორები "პატრიოტებს" თხოვენ, დაიწყონ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება, რომელშიც მონაწილეობას აჭარის მოსახლეობა მიიღებს. 

ევროპულმა საქართველომ პროკურატურას განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი, 25 აგვისტოს მიმართა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განცხადება განიხილეს და "შემდგომი რეაგირებისთვის" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნეს.

პარტია ლელოს წევრები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებენ, იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და დაიწყონ პატრიოტთა ალიანსის არაკონსტიტუციურად გამოცხადების პროცედურა. 

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ "ერთი ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია." 

კომენტარები