კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის, სპეციალურ ზომებს არ ვაცხადებთ

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, ახალი კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება აღირიცხება, მთავრობა ბათუმის ჩაკეტვას არ აპირებს. 

ამის შესახებ გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის". – თქვა პრემიერმინისტრმა. მის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ახალი კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში დადასტურდა. ყველა შემთხვევა ბათუმში ერთერთ საკონდიტრო მაღაზია დონას უკავშირდება. 

დონას ერთერთი თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ ცნობილი 1 სექტემბერს გახდა. მოგვიანებით ახალი კორონავირუსი საკონდიტრო დონას კიდევ ერთ თანამშრომელს და ასევე, მეპატრონესაც დაუდასტურდა. ამ დროისთვის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ფილიალი დაკეტილია, თანამშრომლები კი კარანტინში არიან გადაყვანილები. 

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დონაში იმყოფებოდა, NCDC-ის უფასო ტესტირებისთვის მიმართოს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორი კარავი ბათუმის ბულვარშია განთავსებული, ერთი კოლოდებთან, ხოლო მეორე ახალ ბულვარში, რესტორან აჭარული სახლის მიმდებარედ. მესამე ასეთი კარვის დადგმა ანბანის კოშკთან იგეგმება.

ამას გარდა უფასო დიაგნოსტირებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ ცხელების ცენტრებსაც მიმართონ, რომელიც უკვე 5 პოლიკლინიკაშია განთავსებული. 

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. აქტიურია 251 შემთხვევა. 

კომენტარები